სესხის გაცემის ახალი წესით ოთხი სახელფასო დანაყოფი ორამდე მცირდება, ბანკები არაფორმალურად დასაქმებულთა შემოსავლის შესწავლას თავად განსაზღვრავენ
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში ცვლილებები დაგეგმილი იყო, თუმცა განვითარებულ მოვლენებთან ერთად, ვგულისხმობ კორონავირუსს, ალბათ საკმაოდ დროულია და შესაბამისად, მიუხედავად სხვა პრიორიტეტებისა, გადავწყვიტეთ, რომ ცვლილებები არ გადაგვედო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილება გულისხმობს როგორც დაკრედიტების გამარტივებას, ასევე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს, მათ შორის ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან არიდებას.
ლეჟავამ განმარტა, რას გულისხმობს თითოეული ცვლილება.
„პირველი ცვლილება, რაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში შევიტანეთ, მოვხსენით სავალდებულო მოთხოვნა ადგილზე ვიზიტების შესახებ არაფორმალურად დასაქმებული მოსახლეობისთვის. მსესხებლის შემოსავლის შესწავლა კვლავ სავალდებულო რჩება და ძირითადი პრინციპი, რომ სესხი უნდა გაიცეს ისეთ მომხმარებელზე, რომელსაც მისი მომსახურება ზედმეტი ტვირთვის გარეშე შეუძლია, რჩება უცვლელი. თუმცა ხვალიდან, ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები თავიანთი შიდა პროცედურებით განსაზღვრავენ, თუ როგორ შეისწავლონ შემოსავალი და არ იქნება ეს დაფუძნებული გარკვეულ წესებზე რეგულატორის მიერ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, მეორე ცვლილებაა, რომ უქმდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტი მაქსიმალურ და საკონტრაქტო ვადიანობაზე.
„აქამდე არსებობდა ორი სხვადასხვა ტიპის დაანგარიშება – ერთი იყო მაქსიმალურ ვადიანობაზე, რაც განსაზღვრული გახლდათ დებულებით, ხოლო მეორე – საკონტრაქტო ვადიანობაზე, რაც განსაზღვრული იყო სასესხო კონტრაქტით. ამ ორის ნაცვლად, გადავწყვიტეთ, დავტოვოთ ერთი – ეს იქნება ვადა, რომელზეც მსესხებელს ავტომატურად შეეძლება სესხის გრძელვადიანად ქცევა, ანუ საკონტრაქტო ვადა, თუმცა, თუ კონტრაქტში არის ჩადებული ავტომატური დაგრძელვადიანების ოფცია, მაშინ ყოველთვიური გადასახადი დაიანგარიშება ავტომატური გადავადების ვადაზე.
შემდეგი ცვლილება ეხება უშუალოდ სესხის მომსახურების კოეფიციენტების მატრიცას. მოგეხსენებათ, აქამდე არსებობდა ოთხი სახელფასო დანაყოფი, რის მიხედვითაც სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტები იყო სხვადასხვა. ოთხი დანაყოფი მცირდება ორამდე – 1000 ლარს ზემოთ და 1000 ლარს ქვემოთ. ესეც არის ერთგვარი გამარტივება დებულებისა და მეტ მოქნილობას მისცემს საკრედიტო ინსტიტუტებს, თავისით განსაზღვრონ აღნიშნულ ორ დანაყოფს შორის ჩარჩოები“, – განმარტა პაპუნა ლეჟავამ.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის განსხვავებას, მისი თქმით, ეს კვლავ აქტუალური რჩება და ამის მთავარი მიზანია, უცხოური ვალუტის კურსის მერყეობისგან მეტად იყოს დაცული როგორც მომხმარებელი, მსესხებელი, ისე საკრედიტო ინსტიტუტი.
„იზრდება მაქსიმალური ვადა ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე – 15-დან 20 წლამდე. რაც შეეხება სესხის თანამონაწილეობის კოეფიციენტს უცხოეთიდან შემოსავლის მიმღები მოსახლეობისთვის, ის მცირდება 40 პროცენტიდან 30 პროცენტამდე, შემოსავლის დადასტურების შეუძლებლობის შემთხვევაში. ანუ, თუ შემოსავლის დადასტურება რთულია, ვინაიდან შემოსავალი მიიღება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მსესხებელს უფრო მარტივად და ნაკლები თანამონაწილეობით შეეძლება სესხის აღება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, პაპუნა ლეჟავას თქმით, რეგულაცია არ შეეხებათ ისეთ მსესხებლებს, რომელთა საერთო დავალიანება აღემატება 2 მლნ ლარს, ასევე მსესხებლებს, რომელთა ფინანსური გათვითცნობიერებულობა უფრო მაღალია.
„თუ აქამდე პასუხისმგებლიანი ჩარჩოს გარეთ დაკრედიტება შეიძლებოდა 2 მილიონი ლარის ზემოთ სესხებისთვის, ახლა მილიონის ზემოთ სესხებისთვის შეგვეძლება შემოსავლის შესწავლის გარეშე სესხების გაცემა. ასევე ისეთ მსესხებელზე, რომელიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის ცნებას, მათაც შეეძლებათ სესხის აღება უფრო გამარტივებული პროცედურით“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ფეისბუქ-ლაივის დროს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში ცვლილებები შეიტანა.