სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს სია გადასცა, რომელშიც 3 558 437 ამომრჩეველია
სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს სია გადასცა, რომელშიც 3 558 437 ამომრჩეველია

ცესკო-სთვის გადაცემული მონაცემების თანახმად, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„პოტენციური ამომრჩეველის ცნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არაერთი მათგანი შესაძლოა, იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაერთი მათგანი შეიძლება იყოს საზღვარგარეთ და ჩვენ გვახსოვს, რომ ყველაზე დიდი აქტივობა ბოლო წლების მანძილზე იყო 2012 წლის პირველ ოქტომბერს, თუ სწორად მახსოვს და მაშინ ორი მილიონ ექვსასი ათასის ფარგლებში ამ ოდენობის ამომრჩეველი მივიდა ურნასთან. ვნახოთ, როგორი იქნება აქტივობა წელს, მაგრამ ეს არის ის მონაცემი, რასაც ჩვენ დღეს ცესკო-ს გადავცემთ, შემდეგ უკვე ცესკო დააგროვებს სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ მონაცემებს, რათა საბოლოოდ რეალური ამომრჩევლის სია დადგინდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ცესკო-ს მონაცემებს ასევე მიაწვდის პენიტენციური სამსახური და ჯარი.

ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა თეა წულუკიანმა კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის ვადის გახანგრძლივების შესახებ.

„აქცია, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე მიმდინარეობს, არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არც ერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ, ან აქვთ ძველი პირადობის მოწმობა, რომელზეც ისეთი ფოტოა, რომლიდანაც ადამიანის იდენტიფიკაცია არჩევნების დღეს, უბანზე შეიძლება გაჭირდეს ან შეუძლებელი იყოს. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისთვის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს აქცია. ამით ისარგებლა დაახლოებით 100 000 ადამიანმა”, – განაცხადა წულუკიანმა.