სერიალ „ჩერნობილის“ შემქმნელები ტურისტებს მოუწოდებენ, სახიფათო ზონაში სელფის გადაღებისგან თავი შეიკავონ
სერიალ „ჩერნობილის“ შემქმნელები ტურისტებს მოუწოდებენ, სახიფათო ზონაში სელფის გადაღებისგან თავი შეიკავონ.
„ეიჩ-ბი-ოუს“ მინისერიალი ერთ-ერთი სცენარისტი ქრეიგ მაზინი მოუწოდებს ჩერნობილში ჩასულ მოქალაქეებს „არასათანადო სელფის გადაღებისგან თავი შეიკავონ და პატივისცემით მოეკიდონ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას“.
„ძალიან კარგია, რომ სერიალმა ჩერნობილში ტურისტები მიიზიდა, მაგრამ თუ იქ ჩახვალთ, გახსოვდეთ, რა ტრაგედიაც დატრიალდა. პატივისცემით მოეკიდეთ ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულებს და მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა“, – წერს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე სცენარისტი.
ბოლო პერიოდში ჩერნობილში ასობით ტურისტი ჩადის. ისინი ატომურ სადგურთან გადაღებულ ფოტოებს სოციალური ქსელებით ავრცელებენ. მათი ნაწილი პროვოკაციულია, რამაც ინტერნეტ მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად გავრცელებული რადიაციით 4000 ადამიანი გარდაიცვალა.