სერგო თეთრაძის საქმის სასამართლო სხდომაზე ბრალდების წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
სერგო თეთრაძის საქმის სასამართლო სხდომაზე ბრალდების წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მათ შორის, სერგო თეთრაძის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ორი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი. დოკუმენტში საუბარია თეთრაძის წამების დეტალებზე.

„თამაზ სისაური და ალექსი ტერაშვილი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცემდნენ სერგო თეთრაძეს, აყენებდნენ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, რის შედეგადაც ძალის გამოყენებით ცემისგან დამუხლებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით. ყოველივე ზემოაღნიშნულის ვიდეოგადაღება ხდებოდა ვიქტორ ყაჭეიშვილისა და ოლეგ ფაცაციას მითითებით. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების შედეგად გახდა ცუდად, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გულსისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა“, – ნათქვამია წერილობით მტკიცებულებაში, რომლის ტექსტიც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა რევაზ ნადოიმ წაიკითხა.

სერგო თეთრაძის საქმეზე თამაზ სისაურსა და ალექსი ტერაშვილს 2013 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წერილობით მტკიცებულებებში ასევე ამოცნობის დოკუმენტიცაა დაფიქსირებული, სადაც სისაური და ტერაშვილი აცხადებენ, რომ მათ მიერ ნაწამები პირი სწორედ თეთრაძეა.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებას და თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას მთავარი საგამოძიებო უწყება სამ პირს – ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს ედავება.