სერგო რატიანმა ნუკრი ქანთარიას მიმართა - თქვენ მე-19 საუკუნის ნარატივი შემოგაქვთ და ლიბერალიზმი გახადეთ სალანძღავი სიტყვა
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ეწინააღმდეგება.
განათლების კომიტეტზე დღეს განიხილავენ კანონპროექტს, რომლის ავტორებიც არიან განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია. სწორედ ეს ცვლილებები ითვალისწინებს ერთ-ერთი მუხლიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას.
როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, ამ კანონის ძირითადი მიზანი ლიბერალური ღირებულებების ამოღებაა.
„ლიბერალიზმი სალანძღავი სიტყვა იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც. დიახ, ილია ჭავჭავაძის ნათქვამია, რომ თქვენ ლიბერალიზმი გახადეთ სალანძღავ სიტყვად. ლიბერალიზმი არის თანამედროვე სამყაროს საფუძველი, რასაც თქვენ ამბობთ, ეწინააღმდეგება თანამედროვე სამყაროს. ეს არის ყველა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება, რასაც თქვენ აკეთებთ. პირდაპირ რომ დაგეწერათ, ილია ჭავჭავაძე და მისი მსოფლმხედველობა, რადგან სწორედაც, ის, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის თანამედროვე სამყაროს საწინააღმდეგო. თქვენ ახლა ჩვეულებრივი მეცხრამეტე საუკუნის რეტროგრადული, რუსული ნარატივი შემოგაქვთ“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობენ, რომლის გათვალისწინებით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.
კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია – „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.
კანონპროექტით კი, მე-3 მუხლი იცვლება. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება.