სერგო რატიანი - შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს რაღაც თუ დაემუქრება, პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს.
„რაც შეეხება შეთანხმების პირველ ნაწილს – შესრულებული არ არის და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. საქართველოში არ უნდა გვყავდეს პოლიტპატიმრები და შესაბამისად, გიორგი რურუა უნდა გამოუშვან“, – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საფრთხე დაემუქრება, პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.
„იმ შემთხვევაში, თუ ნოემბრის სცენარის გამეორებას აპირებენ და რაღაც დაემუქრება შეთანხმების მეორე ნაწილს, რომელსაც ეწოდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ამაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ამის შედეგებს ის ნახავს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ თუ არ იქნება შეთანხმება შესრულებული, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესვლას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა რატიანმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ მესამე, საბოლოო მოსმენით უყრიან კენჭს.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.
პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.
კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.