სერგო რატიანი - საზოგადოება თანხმდება, რომ ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე ნებისმიერი ფიგურის გადანაცვლება არაფერს ნიშნავს
საზოგადოება თანხმდება, რომ ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე ნებისმიერი ფიგურის გადანაცვლება არაფერს ნიშნავს გარდა იმისა, რომ ისევ იგივე რეჟიმი რჩება და ისევ იგივე პოლიტიკა გრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის საკითხის შეფასებისას აღნიშნა.
როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, ბატიაშვილი გაათავისუფლეს და მოიცილეს, რადგან წინასაარჩევნო სიმძიმე არ სჭირდებათ.
„რაც შეეხება ბატიაშვილის გადადგომის მიზეზს, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმის, რომ ია კერზაიას საქმეს საკმაოდ მძიმე საქმეა და წინასაარჩევნოდ უნდათ, რომ გათავისუფლდნენ ამ საქმისგან. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო სარჩელი. კერზაიას საქმეში არის ორი ფიგურანტი, როგორც მინიმუმ ერთი არის მონიტორინგის სამსახურის მინისტრი და ინსპექციის ჯგუფი. მეორე არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თავად გახარია. ეს ბატიაშვილს გახარიამ გააკეთებინა და ახლა უნდა ბატიაშვილისგან განთავისუფლდეს. ჩვენ ვხვდებით, რომ მთავარი ფიგურანტი იქ გახარია იყო. ბატიაშვილი გაათავისუფლეს და მოიცილეს, რადგან წინასაარჩევნოდ სიმძიმე არ სჭირდებათ. გარდა ამისა, მეორე სკანდალი მწიფდება, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტს უკავშირდება, რომელიც რუსების ტროლების ქარხანაში მუშაობდა და ის იყო აყვანილი მასწავლებელთა გადამზადების ცენტრში. ესეც საკმაოდ მძიმე შემთხვევაა. როგორც ჩანს მათ უნდათ გადატვირთვა გააკეთონ თავის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მანქანის. ია კერზაიას საქმეზე პასუხისმგებლობის არიდება ვერ მოხდება, რადგან პირველ რიგში ეს საქმე სტრასბურგში გაგრძელდება. „ევროპულ საქართველოს“ დაყენებული აქვს საკითხი, რომ განათლების კომიტეტის ფარგლებში მოხდეს მოკვლევა. ეს საქმეც მათ თავზე ჰკიდა. ამ საქმეს ვერ მოიცილებს ვერც გახარია და ვერც სამინისტროში დაბუდებული გახარიას მოკავშირეები“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
ამასთან, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას არ ემხრობა.
„არ არის საჭირო ვიღაცების დასაჩუქრება და კიდევ ახალი ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნა. ბიუროკრატია უნდა შემცირდეს, თუმცა ამ სამინისტროების შერწყმით ბიუროკრატიას ფაქტობრივად თანხები არ მოჰკლებია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და გეგმავს თავის ენერგია კვლავ მოახმაროს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.