სერგო რატიანი - საპატრიარქოს მოვლენები მძიმე სანახავია, მაგრამ როგორც ერთი მოაზროვნე იტყოდა, სადაც განსაცდელია, იქ ხსნაც არის
სურათი საკმაოდ მძიმე სანახავია, მაგრამ როგორც ერთი მოაზროვნე იტყოდა, სადაც განსაცდელია, იქ ხსნაც არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, მეუფე იაკობთან დაკავშირებით განჩინება, რაც სინოდმა მიიღო, ნიშნავს, რომ მათ ფორმა დაგმეს, თუმცა ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
„კაცმა რომ თქვას, რა შეიძლება ამ მიმართულებით მომხდარიყო. სინოდს გამოძიების საშუალება არ აქვს, აბსტრაქტულ მსჯელობას რამდენად ექნებოდა აზრი. შესაბამისად, მათ ცნობად მიიღეს ის შინაარსი, რაც არის. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყოს. ჩვენ რასაც ვხედავთ, შინაარსი არ უარყვიათ, არავის აქვს უფლება ამაზე პასუხი მოსთხოვოს. ერთადერთი გამოძიებას შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. სინოდს შეეძლო ამაზე აბსტრაქტული მსჯელობა, ეს არ გააკეთა და ცნობად მიიღო ინფორმაცია. უნდა ვთქვათ, რომ ამ მხრივ ხელისუფლებას აშკარად ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან დასახელებული პირები არიან უმაღლესი თანამდებობის პირები“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
ამასთან, გუშინვე, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე.