სერგო რატიანი - რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ახალი საჩივრის შეტანა დაგვიანებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაიწყო
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის შეტანა დაგვიანებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაიწყო.
მისი თქმით, რუსეთში უნდა იცოდნენ, რომ რეაგირების გარეშე არც ერთი შემთხვევა არ დარჩება.
„დიდი ხანია მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოამზადოს მსგავსი სარჩელი. აუცილებელია, გადადგმულიყო ეს ნაბიჯი. პროცესი ერთგვარად დაგვიანებულია, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაწყებულია და პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთის აგრესიული მოქმედებებისა. ერთი მხრივ, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა რუსეთზე. იქ უნდა იცოდნენ, რომ რეაგირების გარეშე არც ერთი შემთხვევა არ დარჩება. ყველაფერი ეს არის ჯაჭვი პოლიტიკისა, რომელიც შემაფერხებელი ფაქტორი უნდა გახდეს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი – „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.
უწყების განმარტებით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ფაქტები განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში, არჩილ ტატუნაშვილის წამებით მოკვლის დროს.