სერგო რატიანი - კონსტიტუციური გადატრიალებაა, როცა შესაძლებელი ხდება, მთავრობამ დადგენილებით ჩაანაცვლოს კანონი
კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული შეზღუდვების უფლება ეძლევა ხელისუფლებას, რაზეც პარლამენტს საერთოდ არ დაეკითხება, არამედ, ასევე ეძლევა უფლება, დადგენილებით ჩაანაცვლოს კანონშემოქმედება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
რატიანის თქმით, ცვლილებებით, პარლამენტს ერთმევა უფლება, გარკვეულ კანონპროექტზე იმსჯელოს და შესაძლებელი იქნება მხოლოდ მთავრობის მეთაურის მიერ დადგენილების გამოცემა.
„დღეს, მაგალითად, არ დადიან ბავშვები და არ ფუნქციონირებს სკოლა, უნივერსიტეტებშიც არ არის პირდაპირი სწავლება, არის ონლაინ სწავლება. ამ ონლაინ სწავლებას მოჰყვება ონლაინ შეფასება, მაგრამ ონლაინ შეფასებისა და დისტანციური შეფასების კანონი არ გვაქვს. ახლა გეკითხებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ვითარება გაგრძელდება, ვინ მიიღებს კანონს დისტანციურ სწავლებასა და შეფასებაზე? ამას გავაკეთებთ ჩვენ, თუ ამ კონკრეტული კანონის მიღების შემდეგ, ამის გაკეთების უფლება ექნება მთავრობას მის მიერ გამოცემული დადგენილებით? აქედან გამოდის, რომ მას ამის უფლება აქვს. შესაბამისად, ის ანაცვლებს არა მარტო რაღაც ქმედებებს, არამედ პარლამენტს ართმევს უფლებას, გარკვეულ კანონპროექტზე იმსჯელოს. ნებისმიერ კანონზე ჩვენი მსჯელობის ნაცვლად, დაწერს გახარია დადგენილებას. ეს უკვე მართლაც კონსტიტუციური გადატრიალებაა, როდესაც შესაძლებელი ხდება, რომ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ დადგენილებით ჩაანაცვლოს კანონი“,- განაცხადა რატიანმა.
პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.