სერგო რატიანი - ბოლო სამ წელში სკოლებში დარღვევების სტატისტიკა 30%-ით არის გაზრდილი
სერგო რატიანი - ბოლო სამ წელში სკოლებში დარღვევების სტატისტიკა 30%-ით არის გაზრდილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ სკოლებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დარღვევების სტატისტიკა 30%-ით არის გაზრდილი.

ამის შესახებ სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

სერგო რატიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს კითხვით მიმართა, იცნობს თუ არა სკოლებში დარღვევების სტატისტიკას.

„მინდა შევეხო სკოლის უსაფრთხოების პრობლემას. მაინტერესებს, იცნობთ თუ არა სკოლაში ბოლო სამი წლის განმავლობაში დარღვევების სტატისტიკას, რომელიც გაიზარდა დაახლოებით 30%-ით. საერთო სტატისტიკის მიმართულებით არის ზრდა 2015 წლიდან 2018 წლის სასწავლო წლების ჩათვლით. 2015 წელში 20 600-ზე მეტი; 22 ათასზე მეტი და 28 ათასზე მეტი. ეს არ არის სკოლაში დაგვიანება, ეს არის სერიოზული დარღვევები, როგორიც არის გაკვეთილიდან გაპარვა, გაკვეთილების ჩაშლა, ბულინგი, აკრძალული ნივთების ტარება. გაკვეთილიდან გაპარვა სერიოზული პრობლემაა – 8400-ზე მეტი, 8900-ზე მეტი და 2018 წელს 10 800-ზე მეტი. გაკვეთილების ჩაშლა – 4 400-ზე მეტი; წლების მიხედვით 4 800-ზე მეტი და 6 500-ზე მეტი. ბულინგი – 2 500-ზე მეტი; 2017 წელს 3 600-ზე მეტი. ასევე აკრძალული ნივთების ტარება  – 1 800-ზე მეტი და 2 400-ზე მეტი შემთხვევა არის ამ წლების განმავლობაში. მაინტერესებს, იცნობთ თუ არა ამ სტატისტიკას და აცნობიერებთ თუ არა, რომ სკოლის უსაფრთხოების მოშლაზე პასუხისმგებლობა ენიჭება თქვენს გუნდს – „ქართულ ოცნებას“, იცით თუ არა, რომ ხორავს ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მოკვლელვა ბოლო დრომდე არ იყო დაწყებული”, – მიმართა რატიანმა მამუკა ბახტაძეს.