სერგო რატიანი აცხადებს, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლებში ზარალის დასადგენად, კომისია უნდა შეიქმნას
ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ახალქალაქის მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყარო არის კარტოფილი და მიყენებული ზიანის შედეგად, ადამიანები ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობამ დახმარებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
„ახალქალაქისა და ნინოწმინდას 20 -მდე სოფელი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ორჯერ დაისეტყვა და ფაქტობრივად განადგურდა კარტოფილის მოსავალი. მოსახლეობამ მიმართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს,სადაც აუხსნეს, რომ დახმარება არ იქნება, ამის შემდეგ ჩამოვიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, და იქაც უარი მიიღეს დახმარებაზე. მინდა მივმართო ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს და შევახსენო, რომ ეს ამ ადამიანებისთვის არის არა უბრალოდ ერთ-ერთი შემოსავალი, არამედ შემოსავლის ფაქტობრივად ერთადერთი წყარო და მიყენებული ზიანის შედეგად ადამიანები დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე, შესაბამისად აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს მიყენებულ ზიანს და ადეკვატურად დაეხმარება მოსახლეობას“,-განაცხადა სერგო რატიანმა.