სერგო მეთოფიშვილი - იუსტიციის საბჭოს სხდომები ზოგჯერ „რეალითი შოუს“ ემსგავსება, ამიტომ ვითხოვ დახურვას
სერგო მეთოფიშვილი - იუსტიციის საბჭოს სხდომები ზოგჯერ „რეალითი შოუს“ ემსგავსება, ამიტომ ვითხოვ დახურვას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, სხდომების დახურვის ინიციატივას საბჭოს წევრების უმეტესობა ემხრობა, თუმცა საბჭოს მოსამართლე წევრი თანამოაზრეების სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს.

სერგო მეთოფიშვილის განმარტებით, მისი ინიციატივის საფუძველი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებია.

მეთოფიშვილის თქმით, არამოსამართლე წევრი საბჭოს სხდომების ტრიბუნას პოპულისტური განცხადებისთვის იყენებს.

„ამასთან დაკავშირებით პირველად არ გამომითქვამს ჩემი მოსაზრება. ზოგჯერ, სხდომა გადაიზრდება რაღაც „რეალითი შოუში“, რაც არ მომწონს. კიდევ არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონს ეს ფორმატი. თუ ვინ იზიარებს ჩემ ამ მოსაზრებას, მაშინ გახდება ცნობილი, როცა წინადადებას დავაყენებ“,- განაცხადა მეთოფიშვილმა.

ამასთან, მეთოფიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საბჭოში საქმიანი გარემო შიექმნას.

საბჭოს მოსამართლე წევრის განმარტებით, სხდომის დახურვის შესახებ წინადადების ინიციატივად ჩამოყალიბებისას სხვა ქვეყნის მაგალითებს გაითვალისწინებს.

სერგო მეთოფიშვილი ინიციატივას იუსტიციის საბჭოს სხდომას უახლოეს მომავალში წარუდგენს.