სერგო მეთოფიშვილი და ირაკლი შენგელია მზად არიან, დატოვონ საბჭოს წევრობა, თუ ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე სამოსამართლეო გამოცდას ჩააბარებენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები სერგო მეთოფიშვილი და ირაკლი შენგელია მზად არიან დატოვონ საბჭოს წევრობა, თუ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე სამოსამართლეო გამოცდას ჩააბარებენ.
ირაკლი შენგელიას თქმით, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე გამოირჩევიან მოსამართლეთა შეურაცხმყოფელი, პოპულისტური და დემაგოგიური განცხადებებით, რის გამოც მათ არ უნდა უკვირდეთ მოსამართლეთა მხრიდან გასაუბრების დროს მათი აცილების საკითხის დასმა.
„რაღაც შესაძლო კორუფციულ ნიშნებზე მიუთითებთ, თუმცა, კითხვაზე პასუხი ვერც გაეცით, რა არის შესაძლო კორუფციული ნიშნები. ისიც არ იცით, რა არის შესაძლო კორუფციული ნიშნები. თქვენ არაკომპეტენტურობის, არაკვალიფიციურობის ზენიტში ხართ. მე ბევრჯერ შემოგთავაზეთ თქვენ, ჩააბარეთ სამოსამართლეო გამოცდა და მე დავტოვებ იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობას. ვერ ჩააბარებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. აქ მოდიან მოსამართლეები, რომელთაც შეურაცხყოფას აყენებთ, თუნდაც თქვენი დღევანდელი განცხადებით, რომ ილონა თოდუა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი და ადეიშვილის ნარჩენია, შეურაცხყოფას აყენებთ ამით როგორც თოდუას, ისე მე, მთელს მოსამართლეთა კორპუსს. ეს არის თქვენი პოპულისტური და დემაგოგიური განცხადებები, ამის მეტი თქვენ არაფერი გიკეთებიათ და არც არაფერი იცით”, – მიმართა ირაკლი შენგელიამ ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს.
ამასთან ირაკლი შენგელიამ მოუწოდა ნაზი ჯანეზაშვილს, დაესახელებინა ერთი მოსამართლე მაინც, რომელიც ღიად ისაუბრებს, აშინებს თუ არა მას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე.
„ჩინჩალაძე, ერთი გვარი გაქვთ დაზეპირებული, ხშირ-ხშირად იმეორეთ არ დაგავიწყდეთ“, – მიმართა ირაკლი შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას პოზიცია გაიზიარა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისიც მზად არის. დატოვოს საბჭოს წევრის თანამდებობა, თუ ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, სამოსამართლეო გამოცდას ჩააბარებენ.