სერგო ჩიხლაძე - წინადადება, რომ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია თუ მოიგებს, შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გაურკვეველი და ალოგიკურია
წინადადება, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გაურკვეველი და ალოგიკურია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას განცხადებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
სერგო ჩიხლაძის თქმით, ამ წინადადებას ოპოზიციიდან „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ გარდა, არავინ დაუჭერს მხარს.
„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელი“ იგივე აზრზეა – რა წინადადებებიც არის წარდგენილი, რაზეც ვიმსჯელეთ და კონსენსუსს მივაღწიეთ, ვართ ისევ იმის მომხრე. ველოდებით, რომ ჩვენს წინადადებებზე გაგრძელდება მოლაპარაკება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია იგივეა, არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ცალკეული პარტიების გადაწყვეტილებას, მათ შორის ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებს“, ეს სიურპრიზი არავისთვის იყო, მათ ჰქონდათ ოდნავ განსხვავებული პოზიცია. ეს არის ორი ადამიანის პოზიცია, პირობითად სამოციდან, რომლებმაც უარი არ თქვეს მანდატებზე. ისინი შევლენ პარლამენტში თუ არ შევლენ, ეს არც კრიზისს გამოიწვევს და არც მრავალპარტიულობის ელფერს შესძენს პარლამენტს.
გაცხადებული წინადადება, რომ მოდით, ადგილობრივი არჩევნები იყოს ტესტი და თუ მოიგებს ოპოზიცია, ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გაურკვეველი და ალოგიკურია. რატომ უნდა დაველოდოთ ათ თვეს, როცა მსგავსი ტესტი ორი თის წინ შედგა. საპარლამენტო გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციამ 52-ით 48 დაამარცხა ხელისუფლება, თუ ასეთ ტესტს ვეძებთ, ტესტი უკვე შედგა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, გასაკვირი არ იქნება, თუ „გირჩის“ გარკვეული წევრები და პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში საერთო შეთანხმების მიღწევის გარეშე შევლენ.
„არ მგონია, ვინმემ ამას მხარი დაუჭიროს, იმიტომ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოხატა თავისი აზრი, იგივე მანდატზე უარის თქმით, სიის ჩახსნით და ა.შ. ორი პარტია, რომელმაც ეს არ გააკეთა, იყო „გირჩის“ ეს ნაწილი და ელისაშვილის პარტია. შესაბამისად, ჩვენთვის სიურპრიზი არ იქნება, თუ ისინი პარლამენტში შევლენ შეთანხმების გარეშე. არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ ეს არ შეცვლის პოლიტიკურ რეალობას, ოპოზიციის დღის წესრიგს და არ განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ „ქართულ ოცნებასაც“ მოვუწოდებ, ნუ წვალობენ ასე ძალიან და ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებსაც მოვუწოდებ, კონსესუსის გზით ვიაროთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ მომხრეა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს ტესტი და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.