სერგო ჩიხლაძე - რიგგარეშე არჩევნების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება არის რეალობისგან მოწყვეტილი ადამიანის სიტყვები
ირაკლი კობახიძეს როგორ წარმოუდგენია, რომ მოსახლეობის მესამედზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ხელისუფლებამ უვადოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება? ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
„რიგგარეშე არჩევნების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება არის რეალობისგან მოწყვეტილი ადამიანის სიტყვები, რადგან ყველანაირი კვლევით და გაანგარიშებით, „ქართული ოცნება” 30 პროცენტს ვერ აგროვებს. როგორ წარმოუდგენია ირაკლი კობახიძეს, რომ მოსახლეობის 1/3-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ხელისუფლებამ უვადოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება? ეს გამორიცხულია. არაერთი განცხადება ვნახეთ, რომელიც გადათქვეს. ასევე გადათქვამენ ამ განცხადებას, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. მოსახლეობა განაჩენს ხელისუფლებას ოქტომბერში გამოუტანს. ასევე, ხელისუფლების უზურპირებას არ დაუშვებენ დასავლელი პარტნიორები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.