სერგო ჩიხლაძე - რასაც თალაკვაძე ამბობს, იგივეს ვაცხადებთ ჩვენ, რომ გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობები და პარლამენტში მოღვაწეობა, ველოდებით „ოცნებისგან“ შემხვედრ წინადადებებს
სერგო ჩიხლაძე - რასაც თალაკვაძე ამბობს, იგივეს ვაცხადებთ ჩვენ, რომ გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობები და პარლამენტში მოღვაწეობა, ველოდებით „ოცნებისგან“ შემხვედრ წინადადებებს

ვერ გეტყვით, თალაკვაძე რას გულისხმობს, თუმცა რასაც ბატონი თალაკვაძე ამბობს, იგივეს ვამბობთ ჩვენ – ოპოზიცია, რომ, დიახაც, ჩვენ გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობები და პარლამენტში მოღვაწეობა, –  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ შორის პოლიტიკური შეთანხმება უნდა შედგეს.

„ჩვენ საპარლამენტო მანდატები მოვიპოვეთ იმისთვის, რომ პარლამენტში გავაგრძელოთ საქმიანობა, ჩვენი გეგმები, პროგრამები. უნდა მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ შორის. შეთანხმების და წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკების გარეშე, ვერ წარმომიდგენია, ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს.

შესაბამისად, ბატონ თალაკვაძეს ალბათ აქვს იმის სურვილი, კობახიძისგან განსხვავებით, რომ პროცესი წარიმართოს კონსტრუქციული მიმართულებით, მოლაპარაკებები რაც შეიძლება დროზე გაიმართოს და დროზე დასრულდეს წარმატებით, რაზეც შეთანხმდება ოპოზიცია და ხელისუფლება. შესაბამისად. თუ ამისთვის მზად არიან, უახლოეს კვირეებში ჩვენ უნდა ვნახოთ ამის შედეგები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „რაზე გადის პოლიტიკური შეთანხმების ზღვარი, რა იქნება ის, რაც ოპოზიციას მეათე მოწვევის პარლამენტში დაგაწყებინეთ საქმიანობას“, ჩიხლაძე პასუხობს, რომ ესაა შეთანხმება ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა, „საარჩევნო სისტემები, ვადამდელი არჩევნები, პლებისციტი, პოლიტიკური პატიმრები“.

„ეს არის ის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ გვინდა შეთანხმების მიღწევა. ჩვენ და მთელი საზოგადოება ველოდებით „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრ, კონსტრუქციულ წინადადებებს, რომელსაც, აი, უკვე მესამე კვირაა, ველოდებით და იმედია, უახლოეს კვირებში ეს შეხვედრა შედგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლო ჯამში მოლაპარაკებას და შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს და ამას „ოცნებაში“, მათ შორის ბატონი თალაკვაძე, კობახიძისგან განსხვავებით აცნობიერებს. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არის დარჩენილი საღი, რაციონალური აზრი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებისკენ გადაადგმევინებს ნაბიჯს“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.