სერგო ჩიხლაძე - პარტნიორებს ვხვდებით და საქართველოსთვის მეტ დახმარებას, ინტეგრაციას ვითხოვთ, კობახიძის განცხადება მორიგი ტყუილია
სერგო ჩიხლაძე - პარტნიორებს ვხვდებით და საქართველოსთვის მეტ დახმარებას, ინტეგრაციას ვითხოვთ, კობახიძის განცხადება მორიგი ტყუილია

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს, რადგან ეს არის არსებულ ვითარებაში ერთადერთი გზა, გამოსავალი, რათა ჩვენ არ დავრჩეთ პირისპირ აგრესორ ქვეყანასთან, რუსეთთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა ამას იმსახურებს თავისი ისტორიითა და ღირებულებებით.

„საქართველოს მოსახლეობა ამ ყველაფერს თავისი ისტორიით და ღირებულებებით იმსახურებს, მოუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება რეფორმებს არ ატარებს, ვალდებულებებს გაურბის და ასე შემდეგ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, სადაც ის ამბობს: „რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოჰყვეს მღელვარება, „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება, ქვეყნის ომში ჩართვა“.

სერგო ჩიხლაძე კობახიძის ამ განცხადებას ტყუილად და იაფფასიან ჭორაობად აფასებს.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ეს არის ტყუილი, რაც გამოჩნდა თუნდაც პოლიტიკური დებატების თუ მინისტრების მოსმენის დროს, რადგან მმართველმა გუნდმა ვერც ერთი ასეთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. პარტნიორებს ვხვდებით და ხელისუფლება რასაც არ აკეთებს, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვაკეთებთ და საქართველოსთვის მეტ დახმარებას, ინტეგრაციას ვითხოვთ. ირაკლი კობახიძის განცხადება არის მორიგი ტყუილი და იაფფასიანი ჭორაობა, რის შესახებაც ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს. კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი მაქვს, მაგრამ ეს იქნება კონკრეტული დათქმებით და პირობებით სასამართლო რეფორმაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.