სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი გაერთიანების ძირითადი ბაზისი და კამპანიის ერთ-ერთი ხაზი იქნება მისი თავისუფლება
სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი გაერთიანების ძირითადი ბაზისი და კამპანიის ერთ-ერთი ხაზი იქნება მისი თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი გაერთიანების ძირითადი და მნიშვნელოვანი ბაზისი და, რა თქმა უნდა, კამპანიის ერთ-ერთი ხაზი, დიახაც, იქნება მესამე პრეზიდენტის თავისუფლება, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამთავრდეს ადამიანების პოლიტიკური მოტივებით გასამართლება, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, კრიტიკული მედიის მფლობელები თუ სხვა. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი მიმართულება ზუსტად ეს იქნება. პირდაპირ გეტყვით, როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებში და როდესაც ამ რუსულ რეჟიმს მოვიშორებთ, რა თქმა უნდა, გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის საქმეც და საერთოდ, პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს ახალი კოალიცია ამ გეგმის შესრულებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი სახეების, მათ შორის, მაგალითად, გიგი უგულავას დაბრუნებით, რომელიც წარსულში პარტიას მწვავედ აკრიტიკებდა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ როგორც გიგი უგულავამ თავად აღნიშნა, ის პარტიულ სტრუქტურებში მონაწილეობას არ აპირებს, მაგრამ რომც დააპიროს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

როგორც სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, ოპოზიციამ არცერთი ხმა არ უნდა დაკარგოს და ამისთვის აუცილებელია ყველას კონსოლიდირება, ძველი სახის, ახლის თუ იმის, ვინც მომავალში გამოჩნდება.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკური თანამშრომლობა ნიკა მელიას ფლანგთან, რომელიც „გამარჯვების პლატფორმის“ საკადრო გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და, მაგალითად, ნუგზარ წიკლაურმა თქვა, რომ „მოიყვანეს 0.5%-იანი გიორგი ვაშაძე, რომელსაც არჩევნებზე ნიგერიელმა პრინცმა ოგბუნუჯუმაც კი გაუსწრო, ხოლო პატრიოტების 40% პარტიიდან გარიყეს”, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ნუგზარ წიკლაურის ეს გამონათქვამი ცოტათი გაუკვირდა, თუმცა დარწმუნებულია, ნუგზარ წიკლაური, ნიკა მელია თუ სხვები თავიანთ აგურს დადებენ.

„კარგი იქნებოდა, ერთად ყოფილიყო. თუ ვერ გამოდის, კი ბატონო, მათ შეიძლება, სხვა გზა აირჩიონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი თავის წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ „გამარჯვების პლატფორმას“ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს ურთიერთობა ყველა პარტიასთან, რომლებიც პროდასავლურ ფლანგზე არიან.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა ყველა პარტიასთან. ლაპარაკი არ არის ჩვენს კოალიციასთან ვინმეს პარტიის შემოერთებაზე. მე ვამბობ კოორდინაციას სხვადასხვა პარტიასთან რაღაც ძირეული საკითხების მიმართულებით, თორემ კოალიცია შემდგარია. რა თქმა უნდა, კარი დაკეტილი არ არის და რომელიმე პარტია თუ გადაწყვეტს შემოერთებას, კი ბატონო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ასე ვუყურებთ ამას, რომ არის ერთი კოალიცია, არის მეორე კოალიცია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროასი“, არის გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, არის „ლელო“, ძირითადი მოთამაშეები და, შესაბამისად, განაწილდა უკვე ველი, ხომ? ამიტომ პროდასავლურ პარტიებთან გვქონდა, გვაქვს და გვექნება კოორდინაცია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.