სერგო ჩიხლაძე - მეგობარი ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ, განმუხტონ სიტუაცია და დაგვეხმარონ, პარტნიორების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არასდროს არც უდიერად მოვიხსენიებთ და ყოველთვის მადლობელი ვართ მათი დახმარებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ შალვა ნათელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, აშშ, ევროკავშირი, საქართველოს მეგობარი ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ, არსებული ვითარება განმუხტონ.
„მე არ მომისმენია ბატონი შალვას ეს განცხადება.ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ – „სტრატეგია აღმაშენებელი“ არასდროს საკუთარ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს არანაირად არც უდიერად მოვიხსენიებთ და ყოველთვის მადლობელი ვართ მათი დახმარების გამო, ქვეყნისთვის და მით უმეტეს, ამ მძიმე პოლიტიკურ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ აშშ, ევროკავშირი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ, განმუხტონ ეს სიტუაცია და დაგვეხმარონ ჩვენ, მათ შორის ოპოზიციას, რომ ვესაუბროთ ხელისუფლებას. ჩვენ ჩვენი პარტნიორების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერის გიორგი გახარიასთვის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნის მისალოც წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„აი, სწორედ ეს ბატონი გვარწმუნებდა ოპოზიციას, რომ შევსულიყავით პარლამენტში“, – დაწერა შალვა ნათელაშვილმა.
ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა 30 დეკემბერს მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.