გახარიასთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დღევანდელი პრეზენტაციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება.
„გახარიასთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა საკმაოდ მძიმე იქნება პოლიტიკურად, როგორ მოახდენს პოზიციონირებას, რა პოზიციები ექნება თუნდაც „ქართულ ოცნებასთან“ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, თუ მას სურს ოპოზიციონერობა, ვისი ოპოზიცია იქნება. რადგან თვითონ, ბოლო სამ თვეს თუ არ ჩავთვლით, იყო სახე „ქართული ოცნების“, პირველი აღმასრულებელი, პირველი ნომერი. აქედან გამომდინარე, ვისთან ექნება პრეტენზია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან, საკუთარ თავთან, თუ ივანიშვილთან, ძალიან ძნელი იქნება მისთვის ამ პოზიციების დაცვა.
რაც შეეხება ვისი კონკურენტი იქნება, ძირითადად, ის იქნება „ქართული ოცნების“ კონკურენტი, რადგან სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველმა, დარწმუნებული ვარ, ახლა ჩვენი ამომრჩეველი გახარიას არასოდეს მისცემს ხმას, ისევე, როგორც სხვა რეალურად ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი. ამიტომ, ის იქნება „ქართული ოცნების“ კონკურენტი და ხმებს გაუყოფს „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.
ამასთან, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა განაცხადა, გამორიცხავს გიორგი გახარიასთან რაიმე სახის თანამშრომლობას.
„მე გამოვრიცხავ მასთან რამე სახის თანამშრომლობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით. გამოვრიცხავ, იქნება ეს რაღაც კოალიცია, ალიანსი, თუ ასე შემდეგ. პირველ რიგში, მან უნდა გასცეს ბევრ დაგროვილ კითხვას პასუხი, დაწყებული 20 ივნისიდან, დამთავრებული პანდემიის მართვით და კორუფციის ფაქტებით, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მინისტრობის დროს და პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდში მოხდა. ძნელი იქნება მისთვის ამ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და შესაბამისად, ასეთი იოლი არ იქნება პოლიტიკურ ველზე შემოსვლა. ეს არ არის რაღაც სელფის სურათის დადება და ასობით ათასი ლაიქის დაწერა, ეს უფრო რთული პროცესია და რუტინულ პოლიტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე იქნება მისთვის ოპერირება. ასევე დაველოდოთ, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.
ამასთან, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა აღნიშნა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც სერიოზულ განაცხადს აკეთებს, რა თქმა უნდა, შანსები აქვს.
„შანსები, რა თქმა უნდა, აქვს, აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც სერიოზულ განაცხადს აკეთებს, თუმცა, ოქტომბრის არჩევნებზე ის იქნება ძირითადად „ქართული ოცნების“ კონკურენტი, იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი მიზანი, რაც არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% არ აიღოს. თუ გახარია იქნება ერთ-ერთი მოთამაშე, ამის ძალიან დიდი შანსი იქნება იმასთან ერთად, რომ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჯამურად 57 და მეტი პროცენტი დავაგროვოთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.