სერგო ჩიხლაძე - ფარმაცევტულ კომპანიებს, რიგ შემთხვევაში, ერთნაირი ფასები და ფასდაკლების დღეები აქვთ, რაც ეჭვს აჩენს და საჭიროა საკითხის შესწავლა
მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს, რიგ შემთხვევაში, მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები და ე.წ. ფასდაკლების დღეებიც კი ერთნაირი აქვთ, რაც ეჭვს აჩენს, რომ მათ რაღაცნაირი გარიგება აქვთ და საჭიროა, ეს საკითხი კარგად იქნას შესწავლილი, – ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჩიხლაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ამ განცხადებით სერგო ჩიხლაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რით შეიძლება იყოს განპირობებული ვითარება, როცა რიგ შემთხვევაში, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები აქვთ და ჩანს თუ არა შესაძლო კარტელური გარიგების ნიშნები.
მისი თქმით, 2016-17 წლების კვლევებიდან კარგად ჩანს, რომ რეცეპტული სისტემის შემოსვლის შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა სარეცეპტოდ გასაცემი წამლების ფასი გააძვირეს.
„იმის მაგივრად, რომ სარეცეპტო სისტემას ეფექტიანად ემუშავა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა პირიქით, ეს სათავისოდ მოირგეს, ფასები კიდევ უფრო გაზარდეს და მოსახლეობის ჯიბეებს კიდევ უფრო მეტი ზარალი მიაყენეს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში ფასნამატის მიხედვით გარკვეული რეგულაციის დაწესება მიღებული პრაქტიკაა.
„შენ შეგიძლია, ფული დახარჯო და შემოიტანო, მაგრამ ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად, წამალი ხუთ ლარად შემოგაქვს და ის ხუთი ლარი გიჯდება, 55 ლარად ვერ გაყიდი, რადგან სახელმწიფო გარკვეულ ზღვარს გიწესებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია შეფასება, რომ თუ სახელმწიფო ამ ნაწილის დარეგულირებას შეეცდება, ეს ბიზნესში ჩარევა იქნება, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ევროზონის ქვეყნებში ასეთი მიდგომა არსებობს და ამით ბიზნესი ნამდვილად არ იჩაგრება.
„შესაძლოა, ფასნამატების თემა პირველ ეტაპზე მტკივნეული და ძნელად განსასაზღვრია, მაგრამ ძალიან გავრცელებულია მაგალითად, ევრორეგულაცია, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. ეს არის ეტალონური ფასების პრინციპი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
მისი თქმით, დადგება დრო, როცა სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლების გარკვეული კომპონენტი თავის თავზე უნდა აიღოს და თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ამას ვერ გაწვდება, რადგან ფარმაცევტული კომპანიები მაქსიმალური ზემოგების გაორმაგება-გასამმაგებას შეეცდებიან.