სერგო ჩიხლაძე - ფარისევლური განცხადებაა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამი კვირის წინ იმავეს ვითხოვდით, რასაც „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ მხარი არ დაუჭირეს, დანარჩენი ორი პუნქტი კი აბსურდია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რატომ არ შეუერთდა „სტრატეგია აღმაშენებელის“ „მოქალაქეების“ და „გირჩის“ დღეს გავრცელებულ განცხადებას, სადაც დეპოლარიზაციისთვის საჭირო ნაბიჯებზეა საუბარი.
სერგო ჩიხლაძემ ეს განცხადება ფარისევლობად შეაფასა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმავეს ითხოვდნენ სამი კვირის წინ, თუმცა მაშინ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ არ შეუერთდნენ.
რაც შეეხება განცხადებაში დასახელებულ კიდევ ორ პუნქტს, რომლებიც ეხება სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლას, ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ეს პუნქტები აბსურდია.
„რამდენიმე მიზეზის გამო ამ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ უერთდება, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური ჯგუფები. ერთი, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს საკითხი სრულიად ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით. მაშინ ამ ორმა ჯგუფმა, პარტია „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. გაურკვეველია, მაშინ არ უჭერდნენ მხარს და ახლა ითხოვენ, არათანმიმდევრულები არიან. მათზე ადრე იყო ეს მოთხოვნილი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ყველანი ვიბრძვით, რათა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არა თუ არ დაბრუნდეს, არამედ რა გავლენებიც აქვს, ისიც რომ შესუსტდეს და არაფორმალური მმართველობა გაქრეს. ამიტომ ამ აბსურდულ წინადადებასაც მხარს ვერ დავუჭერთ.
რაც შეეხება მიხელ სააკაშვილს, მისი გადასაწყვეტია და არა „გირჩების“ ან „მოქალაქეების“. სამკურნალო მიზნით მის საზღვარგარეთ გაყვანას რაც შეეხება, ამას ადრეც ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ფარისევლური განცხადებაა, სამი კვირის წინ ვითხოვდით იმავეს და მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ეს ორი ჯგუფი დემონსტრაციულად არ შეუერთდა. დანარჩენი მათი ორი პუნქტი კი აბსურდია. ამ ორი ჯგუფის ხედვა კარდინალურად განსხვავდება სტრატეგია აღმაშენებლის და სხვა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ხედვებისგან. ამიტომაც ჩვენ ვერ ვთანამშრომლობთ მათთან. ამ განცხადებას გაგრძელება ვერ ექნება, რადგან ძირითადი ოპოზიციური ჯგუფების უმეტესობა ამ განცხადებას არ ეთანხმება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
პარლამენტის წევრებმა, ლევან იოსელიანმა, იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალეკო ელისაშვილმა, ჰერმან საბომ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, დეპუტატებმა სამი ნაბიჯი დაასახელეს: „დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა, ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და საარჩევნო ბარიერის დაწევა“.