სერგო ჩიხლაძე - ევროკავშირი ალაპარაკდა ტრანშის გადახედვაზე, ფაქტობრივად, სანქციების შესაძლებლობას განიხილავს, ეს არის სერიოზული გზავნილი ხელისუფლებისადმი
უკვე ევროკავშირი ალაპარაკდა ტრანშის გადახედვაზე, ფაქტობრივად, სანქციების შესაძლებლობას განიხილავს, ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი ხელისუფლებისადმი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
სერგო ჩიხლაძემ კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის ევროკავშირის მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს“.
ჩიხლაძის თქმით, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ არავის რეკომენდაცია არ შეისმინა.
„ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არავის კრიტიკა არც შიგნით, არც გარეთ და უკვე საკმაოდ მკვეთრი განცხადებები კეთდება როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. უკვე ევროკავშირი ალაპარაკდა ტრანშის გადახედვაზე, ანუ ფაქტობრივად, სანქციების შესაძლებლობას განიხილავს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები სანქციებზე ღიად ალაპარაკდნენ. ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი ხელისუფლებისადმი. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს.
მოსამართლეების დანიშვნით „ქართული ოცნების“ მხრიდან პირდაპირ დაირღვა 19 აპრილის შეთანხმება. პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, სანამ ფუნდამენტური რეფორმები არ დაიწყება, რომელშიც მთლიანად იქნება ჩართული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ამაზე პირდაპირ გვეუბნება ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.