სერგო ჩიხლაძე - დემოკრატიზაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უკრაინის გამარჯვება იქნება გადამწყვეტი, ამასთან, გვმართებს ქვეყნის შიგნით აქტიურობა „ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად
ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უკრაინის გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. უკრაინის გამარჯვებასთან ერთად, ჩვენ, პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებას გვმართებს ქვეყნის შიგნით აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მოვაახლოვოთ პერიოდი, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, რუსეთი უნდა დამარცხდეს საქართველოშიც, უკრაინის ომშიც და მთლიანად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
„უკრაინის რუსეთზე გამარჯვება, რა თქმა უნდა, დადებით, მე ვიტყოდი, გადამწყვეტ გავლენას იქონიებს როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ასევე ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებზე, რადგან საქართველოში როგორც შიდა დემოკრატიზაციის პროცესებს, დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება ერთადერთი ქვეყანა – რუსეთის იმპერია და, სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიასთან, კრემლთან შეკრული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით. ამიტომ ორივე ამ მიმართულებით, ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, უკრაინის გამარჯვებასთან ერთად, ჩვენ, პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებას გვმართებს ქვეყნის შიგნით აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მოვაახლოვოთ ის პერიოდი, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, რადგან „ქართული ოცნებაც“ რუსული ხელისუფლების ნაწილია საქართველოში. შესაბამისად, რუსეთი უნდა დამარცხდეს საქართველოშიც, უკრაინის ომშიც და გეოპოლიტიკურად მთლიანად უნდა იქნას დამარცხებული“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ უკრაინის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ არხთან ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, ამისთვის სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება“.