სერგო ჩიხლაძე - დაფინანსების საკითხი არ არის ის თემა, რომლითაც შეიძლება, ირაკლი კობახიძემ ვინმე დააშანტაჟოს 
სერგო ჩიხლაძე - დაფინანსების საკითხი არ არის ის თემა, რომლითაც შეიძლება, ირაკლი კობახიძემ ვინმე დააშანტაჟოს 

ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება არის მორიგი ტერორი და მუქარის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელის“, სხვა პოლიტიკურ ძალებს მივუწოდებთ, საერთოდ არ ავყვეთ და საერთოდ არ შევიდეთ წიაღსვლებში ამ დაფინანსების თემაზე, რადგან დაფინანსება კი არა, ქვეყანაა გადასარჩენი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, დაფინანსების საკითხი არ არის ის თემა, რომლითაც შეიძლება ირაკლი კობახიძემ ვინმე დააშანტაჟოს.

„აქამდე თუ ქვეყანაში გვქონდა შეფარული და დეკორაციებით გალამაზებული ავტორიტარიზმი, დღეს იწყება უკვე ერთი ადამიანის ერთპარტიული დიქტატურის ფორმულირება და ამ დიქტატურის ფორმირებას არავინ შეგუება ქვეყანაში. ამ კანონის მიღებაც კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც არსებულ ვითარებას გააუარესებს, არ შეიძლება იყოს კონსტიტუციური, ამიტომ ეს კანონი რომც მიიღონ, იქნებ არაკონსტიტუციური. მიხეილ სააკაშვილისთვის მოფიქრებული ცვლილება შესაძლოა, სხვა პარტიებზეც გავრცელდეს, რადგან ხომ შეიძლება სხვა პარტიიდანაც დაიჭირონ ვინმე ან საქმე აღძრან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.