სერგო ჩიხლაძე - აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და მოლაპარაკება დაიწყოს
აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და მოლაპარაკება დაიწყოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთჯერადად, მხოლოდ საარჩევნო რეფორმის განსახილველად პარლამენტში შესვლას არ აპირებს, რადგან მოლაპარაკება უნდა შეეხოს ექვს პუნქტს.
„ერთჯერადად არავინ არსად არ შევა. იმ ექვს პუნქტში ერთ-ერთია ზუსტად საარჩევნო საკითხები და ამაზე აუცილებლად გვექნება მოლაპარაკება, აუცილებლად გვექნება შეთანხმება ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“. შეთანხმების შემდეგ, ჩავერთვებით ყველა პროცესში, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტის გარეთ არსებულ ყველა კომისიაში. ჩვენი მოლაპარაკებები ელისაშვილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმს არ გულისხმობს. ეს პუნქტი ცალკე არის შესული იმ ექვს პუნქტში. არის ექვსი საკითხი, რომელზეც უნდა შედგეს მოლაპარაკებები და საარჩევნო საკითხი ერთ-ერთია. ამ ექვსივე საკითხზე უნდა შევთანხმდეთ.
აქ არ არის, რომ ან ერთი გადაწყდება, ან მეორე, ექვსივე პუნქტზე მოხდება მოლაპარაკება ურთიერთკომპრომისის გზით. ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც, ჩვენ აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე. მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და ეს მოლაპარაკებები დაიწყოს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.