სერგი კაპანაძე - ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი კლავს, წამლავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, როგორც წესი, არის დუმილი, რაც მიუღებელია
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი იყენებს სხვადასხვა ნივთიერებას თავისთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ. თუმცა, მისივე შეფასებით, ქიმიური ნივთიერებების არა მარტო სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ გამოყენებაზე, არამედ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დუმილია.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სრულიად მიუღებელია და ძველი მიდგომა უნდა შეიცვალოს.
„ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთის ფედერაცია კლავს, წამლავს, იყენებს სხვადასხვა ნივთიერებას თავისთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ. ეს გააკეთეს ადრე სკრიპალის შემთხვევაში, იგივე გააკეთეს ახლა, როგორც ჩანს, ნავალნის შემთხვევაში. პირდაპირ მოკლეს მათ შორის ჩვენი მოქალაქე გერმანიაში. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, ამ ქიმიური ნივთიერებების არა მარტო სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში გამოყენებისას, არამედ მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით, როგორც წესი, არის ხოლმე დუმილი. ეს არის სრულიად მიუღებელი პოზიცია, მიდგომა, ეს არის მიდგომა, რასაც ჰქვია ძველი მიდგომა, რომელიც უნდა შევცვალოთ.
შეუძლებელია, ამ მიდგომებით ქვეყანამ წინ იაროს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ეს ცვლილებები დადგეს, ჩვენი ამოცანაა, რომ ძველი, დრომოჭმული, რუსეთის არგაღიზიანებაზე ორიენტირებული მიდგომები შეიცვალოს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სწორი შეფასებების გაკეთება, ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, აუცილებელია დაგმობა იმის, რაც დასაგმობია და ამას ეს ხელისუფლება არ აკეთებს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებზე დავამთავროთ მათ შორის საგარეო პოლიტიკის ეს სამარცხვინო მიმართულებაც“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.