სერგი კაპანაძე - თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ აქცია მინელდება და ხალხი პოზიციას შეიცვლის, ძალიან ცდება
სერგი კაპანაძე - თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ აქცია მინელდება და ხალხი პოზიციას შეიცვლის, ძალიან ცდება

თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ აქცია მინელდება და ხალხი პოზიციას შეიცვლის, ძალიან ცდება, ჩვენ აქ იქამდე ვიქნებით, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, აქციის მონაწილეები, რომლებიც მე-12 დღეა, პარლამენტთან აქციაზე იკრიბებიან, არ გაჩერდებიან. მისივე განცხადებით, 12 დღის განმავლობაში ადამიანები საკანონმდებლო ორგანოსთან პრინციპული საკითხის დასაცავად ყოველგვარი ორგანიზებისა და დაძალების გარეშე მიდიან.

„ისინი გულწრფელად არიან გაბრაზებული და სიბრაზის სრული საფუძველი აქვთ, რადგან შს მინისტრმა გასცა ბრძანება, რასაც შეეწირა რამდენიმე ახალგაზრდას თვალის ჩინი, დაზარალდა ბევრი ადამიანი და უნდათ, რომ მინისტრი გადადგეს. ეს არის ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება, მოითხოვოს ამ ხალხმა. რაოდენობა იცვლება. დავინახეთ, რომ იყო დღეები, როდესაც რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა, ორი დღის წინ ვნახეთ მრავალრიცხოვანი მარში, ვნახეთ ადამიანები, რომლებიც წვიმაშიც იკრიბებიან. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც რაოდენობით უნდა გაიზომოს. როდესაც 12 დღის განმავლობაში ადამიანები ყოველგვარი ორგანიზებისა და დაძალების გარეშე მოდიან, რომ დაიცვან პრინციპული საკითხი, მოთხოვნა, გადადგეს გახარია, ესე იგი ბრაზი არ განელებულა, არავის არაფერი დავიწყებია. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ აქცია მინელდება და ხალხი პოზიციას შეიცვლის, ძალიან ცდება. ჩვენ აქ ვიქნებით იქამდე, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.