სერგი კაპანაძე - არჩევნები თუ ჩატარდება მძიმე კანონდარღვევებით, ამას შესაბამისი რეაგირება ექნება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც
ჩვენი პარტნიორები მზად არიან, საქართველოში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები, ხელისუფლება შეიცვალოს, პრობლემები, რომელიც ახლდა წინასაარჩევნო სისტემას, მომავალში აღარ იყოს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
„ინტერესი საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მხრიდან ძალიან დიდია და ეს დებატები და დოკუმენტიც ამაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან, საქართველოში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები, ხელისუფლება შეიცვალოს, პრობლემები, რომელიც ახლდა წინასაარჩევნო სისტემას, აღარ იყოს მომავალში. ჩვენი პარტნიორების მხრიდან პროცესში ჩართულობა ძალიან მაღალია. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ დამკვირვებლების გამოგზავნის სახით საარჩევნო პროცესში. თუ ივანიშვილი აპირებს ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელსაც თან ახლდება ძალადობა, მოსყიდვა და სხვა მძიმე კანონდარღვევები, ამას შესაბამისი რეაგირება ექნება, როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა კაპანაძემ.
სერგი კაპანაძე ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ევროპარლამენტარი წუხილს გამოთქვამს, რომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმას.
„ბატონი ნაჩო სანჩეს ამორი ცნობილია მხარდამჭერი განცხადებებით „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს მისი უფლებაა. ის რომ უმცირესობაშია, ნათლად ჩანს იქიდან, თუ რა განცხადებებს აკეთებენ მისი სხვა კოლეგები. როგორც ჩანს, ბატონი სანჩესი მეგობრობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან. ერთი პარლამენტარის განცხადება არ ასახავს უმრავლესობის პოზიციას“, – განაცხადა კაპანაძემ.