სერგი კაპანაძე - საზოგადოებას სრულიად სხვა მოთხოვნები აქვს, ვიდრე ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა საქართველოში
საზოგადოებას სრულიად სხვა მოთხოვნები აქვს, ვიდრე ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა და როგორ დაბრუნდება საქართველოში, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.
დეპუტატი აცხადებს, რომ საზოგადოებას სიღარიბე აწუხებს და არა ის, რომელი პოლიტიკოსი დაბრუნდება.
„მგონია, რომ საზოგადოებას სრულიად სხვა მოთხოვნები აქვს, ვიდრე ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა და როგორ დაბრუნდება საქართველოში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ საქართველოში და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ეს არ არის მთავარი თემა. საზოგადოებას აწუხებს რომ, დღეს არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, დღეს ადამიანები ცხოვრობენ სიღარიბეში, წინასაარჩევნოდ ეს ხალხი უყურებს იმას, რომელი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს ამის შესაცვლელად. „ევროპულ საქართველოს“ არ მიაჩნია მიზანშეწონილად ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება, რადგან ეს არის ძველ წრეზე სიარული და ის, რომ ერთი ადამიანი შეიცვალოს მეორე ადამიანით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვისაუბროთ კონკრეტულ თემებზე, წინ როგორ წავიდეთ და როგორ გამოვიდეთ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან“, – განაცხადა კაპანაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.