სერგი კაპანაძე - სავალდებულო გამოცდებიდან ზოგადი უნარების ამოღებით სკოლის მოსწავლეებში ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ
სავალდებულო გამოცდებიდან ზოგადი უნარების ტესტირების ამოღებით სკოლის მოსწავლეებში ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ“ საკანონდებლო წინადადება წარადგინა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარება სავალდებულო იყოს.
„არ მოხდეს ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო გამოცდების სიიდან ამოღება. თუ ეს მოხდება, ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს სკოლის მოსწავლეებში. თუ ამას გავაუქმებთ, გავწირავთ მომავალ თაობას სერიოზული უცოდინრობისთვის. სამწუხაროა, რომ სრულიად მოუფიქრებლად, მავნებლურად განათლების სამინისტრომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა არის დრო, რომ ეს შევაჩეროთ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ყველას გვყავს შვილები, რომელიც არ გვინდა, რომ იყოს უცოდინარი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ზოგადი უნარების ტესტი დარჩეს, როგორც სავალდებულო გამოცდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.