სერგი კაპანაძე - საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ტოვებს პარტიას, არასწორია
„ევროპულ საქართველოში” ლიდერებს შორის შიდა დისკუსია მიმდინარეობს, გვექნება დისკუსია პოლიტსაბჭოში და შემდეგ ყრილობა გვექნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ პარტიას ვიღაც ტოვებს, არასწორია.
„ამ დისკუსიის მიზანია, ახალი, ცხელი პოლიტიკური სეზონის წინ პარტიის ახალი სტრატეგია განვსაზღვროთ. ჩავლილი არჩევნების შემდეგ, დღეს არსებული ბოიკოტის პირობებში ეს აუცილებელია. ასევე მოხდეს პარტიის რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია, რაც არჩევნების შემდეგ ასევე ნორმალური პროცესია. ეს არის ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ტოვებს პარტიას, ეს არასწორია. როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული ეს ინფორმაცია. ძალიან მალე, როდესაც ეს დისკუსია გადაწყვეტილების მიღების სტადიაში შევა, ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება“,- განაცხადა კაპანაძემ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართვლოს“ ლიდერები გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს. გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.
თავად დავით ბაქრაძე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება პარტიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.