სერგი კაპანაძე - სახალხო დამცველის რეკომენდაციები პრაქტიკულად ემთხვევა საგამოძიებო კომისიის მიმართულებებს
სახალხო დამცველის საყურადღებო რეკომენდაციები პრაქტიკულად ემთხვევა იმ მიმართულებებს, რომლებზეც საგამოძიებო კომისია მუშაობს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის განცხადებაში საუბარია იმ დარღვევებზე, რომელიც გამოძიების პროცესში ხდებოდა.
„ნინო ლომჯარია აყენებს უწყების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის წარმომადგენლების. ჩვენი მუშაობის ფარგლებშიც და კომისიის ფარგლებშიც უკვე ვნახეთ მრავალი გადაცდომა, ანუ არასათანადოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც საერთოდ არ ჩატარებულა და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა. კომისიის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ ჯერ კიდევ შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ამ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით სავარაუდოდ მას შემდეგ გაიცემა, როდესაც ეს კონკრეტული წარმომადგენლები ჩვენთან მოვლენ და მთელს ვერტიკალს გავივლით. ამიტომ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები საყურადღებო რეკომენდაციებია. ისინი პრაქტიკულად ემთხვევა იმ მიმართულებებს, რომლებზეც საგამოძიებო კომისია მუშაობს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კითხვაზე, რა იყო იმ გადაცდომების მოტივი, რომელზეც სერგი კაპანაძე საუბრობს, დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოტივთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი უკვე გამოძიების ბოლოს შეეძლება.
სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მიმართავს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.