სერგი კაპანაძე - რუსეთი, ნაცვლად იმისა, რომ კომპენსაციას გასცემდეს, შეტევის ხასიათზეა და გადაწყვეტილების შესრულება არ სურს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ რუსეთის პოზიცია იქნება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, მაშინ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტები მის წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული.
ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსეი ჩეპას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი კომპენსაციას გასცემდეს, ახლა შეტევის ხასიათზე და გადაწყვეტილების შესრულება არ სურს.
„არ მგონია, რუსეთის ხელისუფლებამ აღიაროს, 2006 წელს რა ცუდი საქმე გააკეთა. მაშინ არაჰუმანური გზებით რამდენიმე ათასი ქართველი სატვირთო თვითმფრინავში ჩაყარეს და საქართველოში გამოყარეს, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ მათი გვარები შვილ-სა და ძე-ზე მთავრდებოდა. ეს 21-ე საუკუნეში ფაშიზმის გამოვლენა იყო, რაც სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ადეკვატურად შეფასდა. კრემლი საქართველოსთან მიმართებით თავის პოლიტიკას არ გადახედავს და ეს ნათელია. კრემლის დამოკიდებულება მტრულია და წერტილი. ამის წინააღმდეგ გამოსვლა საერთაშორისო ინსტრუმენტებით შეიძლება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროსაბჭოში სანქციებით, ეს იქნება – ხმის ჩამორევა თუ ორგანიზაციებში მათი არაკეთილად მიღებით”, – დასძინა კაპანაძემ.
ალექსეი ჩეპას განცხადებით, რუსეთმა ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები არ უნდა აღიაროს.