სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან თეთრი და ფუმფულა გამოჩნდეს
ზუსტად ამ ინიციატივაზე ითქმის, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, რადგან ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო, როგორც ჩანს, ახლა უნდათ, საერთაშორისო დამკვირვებლებთან გამოჩნდნენ თეთრი და ფუმფულა, რომ თურმე კანონში შეაქვთ ცვლილებები,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის, ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების ფაქტებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან არავინ დასჯილა.
კაპანაძე ამბობს, რომ რეალური პრობლემა აღსრულებაშია.
„მთავარია, ამ კანონს შემდეგ როგორ ასრულებენ და ვის მიმართ ასრულებენ, რადგან აქამდე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ დაშინებული, მოსყიდული ან ამომრჩევლის იძულების გამო, რომელიმე საჯარო მოხელე ან „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირი ყოფილიყო დასჯილი. გვახსოვს ისეთი დიდი საქმეები, როგორიც არის კერზაიას საქმე, ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში და არავინ დასჯილა. ალბათ არც ახლა იზამენ ამას, ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ ეს არის უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა და იმის ჩვენება, რომ ვითომ რაღაცა უნდათ და აპირებენ. ამ დროს რეალური პრობლემა იქნება აღსრულება, შემდეგ ამას ნამდვილად არ აღასრულებენ“, – განაცხადა კაპანაძემ.