სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებული არიან, რომ აქ შეიძლება, არჩევნებზე რაღაც ცუდი მოხდეს
სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებული არიან, რომ აქ შეიძლება, არჩევნებზე რაღაც ცუდი მოხდეს

როგორც ჩანს, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებული არიან იმით, რომ აქ შეიძლება, არჩევნებზე რაღაც ცუდი მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კონგრესმენთა წერილებს და განცხადებებს, ახლა უკვე, სახელმწიფო მდივნის ასეთი ტიპის ზარს და მათ შორის, კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 15%-იანი შესაძლო გაყინვის შესახებ დათქმასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქ არჩევნებზე ძალიან დიდი ყურადღება იქნება. ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი. იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებული არიან იმით, რომ აქ შეიძლება, არჩევნებზე რაღაც ცუდი მოხდეს და ეს ყველაფერი ამის პრევენციაა“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, შუას გაკრეფა იმ პოლიტიკური ძალების და ლიდერების ამოცანაა, რომლებსაც კოალიციური მთავრობა არ სურთ და ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის გაგრძელება უნდათ, „ევროპული საქართველო“ კი ამის წინააღმდეგია.

„ჩვენ ორ არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა და ორივეში 11%-ის ფარგლებში ავიღეთ. მიგვაჩნია, რომ ამ შედეგის გაზრდა შეგვიძლია. ასევე მიგვაჩნია, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩდნენ, ან აქტიურები არიან, შეუძლიათ, აიღონ რამდენიმე პროცენტი და ჯამურად შესაძლებელია, შემდეგ კოალიციურ მთავრობაში იყოს სამი, ან მეტი დღეს ოპოზიციაში მყოფი პროდასავლური ძალა, რომელიც მთავრობას შექმნის და, რომელიც არ შექმნის მთავრობას „ქართულ ოცნებასთან“. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამიტომ, შუას გაკრეფის ამოცანა არის არასწორი ამოცანა, ვინც არ უნდა დასახოს“, – განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ფუნდამენტურად განსხვავდება, მაგრამ ამ არჩევნებში მთავარი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და არა სხვა ოპოზიციურ ძალასთან თვითმიზნური გამიჯვნა.

„ივანიშვილი უნდა დამარცხდეს ამ არჩევნებში და შეიქმნას პროდასავლური ძალების კოალიცია“, – განაცხადა კაპანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა დამარცხდეს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილიც, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.

„სააკაშვილის დამარცხება რას ნიშნავს?! ის ახლა ოპოზიციის ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ლიდერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არც ერთი ოპოზიციური ძალა, არც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ევროპული საქართველო“ და დათო ბაქრაძე, თუ სხვა ლიდერები, რომლებიც არიან, ერთი კონკრეტული პარტიით და ერთი ადამიანის მმართველობით არ იყოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა კაპანაძემ.

ირაკლი აბსნაძის შეკითხვაზე, აღმოჩნდება თუ არა ასე, რომ შეთანხმების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მაჟორიტარებს გაიყოფს, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ასევე დარჩება რესურსი, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებსაც დაელაპარაკონ.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს, ჩვენ ვაპირებთ, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ველაპარაკოთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.