სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ საუბარი ერთ კონკრეტულ ადამიანთან, ელისაშვილი იქნება თუ სხვა, არაფერს ცვლის, რადგან პარლამენტიდან გამოსულები არიან დეპუტატები
„ქართული ოცნების“ საუბარი ერთ კონკრეტულ ადამიანთან, ელისაშვილი იქნება თუ სხვა, არაფერს ცვლის, რადგან პარლამენტიდან გამოსულები არიან დეპუტატები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე თუ წავა, შეთანხმების ნაწილი შეიძლება იყოს პარლამენტში შესვლა, მაგრამ ახლა ასეთი რამ არ ხდება.
„მოლაპარაკებებთან მიმართებით ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება და ჩვენი მოთხოვნები ცნობილია. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციაში ვართ ოპოზიციურ პარტიებთან და რაც მთავარია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, „ქართულ ოცნებასთან“. თუ რაიმე წინადადება არის, რომლის შემოთავაზებაც „ქართულ ოცნებას“ სურს, არსებობს ფორმატი და იქ უნდა გააჟღეროს. თუ ამ წინადადებას რაიმე სხვა არხით რომელიმე პარტიას აწვდის, ეს მათი საქმეა და ჩვენ არ ვიცით, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ის რომ ერთმანეთში ლაპარაკობენ „გირჩის“ რომელიღაც წევრები და ელისაშვილი, ეგ მათი საქმეა და ჩვენთვის მაინც და მაინც საინტერესო არ არის.
დეპუტატებს დაწერილი აქვთ განცხადებები, პარტიებს ჩახსნილი აქვთ სიები და სხვა რამეზე საუბარი არ მგონია ამ შემთხვევაში სწორი. თუ შეთანხმება მოხდება და „ქართული ოცნება“ შეთანხმებაზე წამოვა, ასეთ შემთხვევაში შეთანხმების ნაწილი შეიძლება იყოს პარლამენტში შესვლა, მაგრამ ახლა ეგ არ ხდება.
ამ წუთში „ქართული ოცნება“ ცალკე ვინმეს თუ ელაპარაკება, ეს არაფერს ცვლის ჩვენთვის იმიტომ, რომ ჩვენ განცხადებები დაწერილი გვაქვს, პარლამენტიდან გამოსულები არიან დეპუტატები, ამიტომ ერთ კონკრეტულ ადამიანთან საუბარი, ელისაშვილთან თუ სხვასთან, არაფერს ცვლის, თუ ასეთი საუბარი არის, არ ვიცი.
თუ პრემიერ-მინისტრს ჰგონია, რომ პოლიტიკური კრიზისი არ არის, პარლამენტს შეხედოს და ნახავს, ვინ არიან იქ წარმოდგენილი, მარტო ხოტბისმსხმელი დეპუტატები და მეტი არავინ. პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბებით და ხელისუფლების უზურპაციით მოახდინა ამ პროცესის ბოლომდე მონოპოლიზაცია და დაადგა ავტორიტარიზმის გზას. ეს თუ არ არის პოლიტიკური კრიზისი, აბა რა არის?!“, – განაცხადა კაპანაძემ.