სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება" და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პირდაპირ ტოტალურ შტურმზე არიან გადასული
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება”, ისევე როგორც მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პირდაპირ ტოტალურ შტურმზე არიან გადასული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად ძლიერად გამოდიან, საქართველოში კი კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით ილაშქრებენ მის წინააღმდეგ.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის პოზიციებს არ იზიარებენ არამხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ – არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ის, რომ ქალბატონი სალომე ცდილობს, ამოეფაროს ქალის საკითხს, რომ ვითომ მას არ იცავენ, არასერიოზულია. მან დაიმსახურა კრიტიკა, რადგან ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვნებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.