სერგი კაპანაძე - პრობლემები არ გვარდება პარლამენტში ქალების რაოდენობის ხელოვნურად ზრდით
საარჩევნო კოდექსში ქალთა კვოტირების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებს „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს. პარტიის წევრის, დეპუტატ სერგი კაპანაძის განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებებით პრობლემა არ გვარდება, რადგან ეს ხელოვნური ზომების შემოღებაა.
„ამ შემოთავაზებული კვოტირების სისტემით ის მთავარი პრობლემა, რაც არის საზოგადოებაში, ქალების დისკრიმინაცია ან მათი ნაკლებობა პოლიტიკაში, არ გვარდება. საკითხი ძალიან მარტივადაა. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება პრობლემის სათავესთან ბრძოლა და არა ასეთი ხელოვნური, დროებითი ზომების შემოღება. ბევრი ქვეყანა ვიცი, სადაც კვოტები არსებობს. მათ შორის, რუანდა და სხვა ქვეყნები. ოღონდ, პრობლემები არ გვარდება პარლამენტში ქალების რაოდენობის ასე ხელოვნურად ზრდით. რაც არის შემოთავაზებული, ამ სისტემით კვოტები არ ვრცელდება მაჟორიტარებზე. უბრალოდ, ეფექტის არმქონე იქნება ეს ცვლილებები. სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ ამას არ უჭერს მხარს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.