სერგი კაპანაძე - ოპოზიცია ვგეგმავთ, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები გვყავდეს, რამდენიმეზე უკვე შევთანხმდით
სერგი კაპანაძე - ოპოზიცია ვგეგმავთ, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები გვყავდეს, რამდენიმეზე უკვე შევთანხმდით

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებას გეგმავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ამ მიმართულებით მუშაობას და რამდენიმე ოლქსა და გვარზე უკვე შეთანხმებულია.

„ოპოზიცია მუშაობს გეგმა ბ-ზე, ანუ იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქი არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და დატოვებს დღევანდელ უსამართლო სისტემას, ჩვენ ვგეგმავთ, ოპოზიციურმა პარტიებმა მაჟორიტარულ ოლქებში მოვახდინოთ კოორდინაცია და გვყავდეს საერთო კანდიდატები. სამუშაო წინ არის წაწეული, ჩვენ შეთანხმებული ვართ კონკრეტულ ოლქებზე და კონკრეტულ გვარებზე. რამდენიმე დარჩა გასავლელი, მაგრამ ჯამში, გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი და მალე გვექნება შეთანხმებები პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან ოლქში, პირველ რიგში თბილისში და მერე სხვაგანაც. ეს არის გარანტია, რომ ამ სისტემის პირობებშიც კი „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, რადგან მას ეყოლება მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე, ოპოზიციის მიერ შერჩეული და შეჯერებული კანდიდატი“, – განაცხადა კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაბამისად სამოქმედოდ მზად არის.

„ეს არის გამოწვევა ივანიშვილისთვის, მან უნდა გადაწყვიტოს, უნდა ამ სისტემაში მონაწილეობა, დამარცხება და განადგურება, თუ სურს, გადასვლა მეტად პროგრესულ და ქვეყნისთვის მეტი სტაბილურობის მომტან სისტემაზე.  რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ოპოზიცია მზად არის, იმ გადაწყვეტილების შესაბამისად სამოქმედოდ. მთელ რიგ ოლქებში არის კონკრეტულ კანდიდატებზე შეთანხმება, ნაწილში პრინციპის დონეზეა საუბარი და იქაც დიდი პერსპექტივაა, რომ კონკრეტული ადამიანები შეთანხმდება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკური ლიდერის კანდიდატურა განიხილება და საერთო განცხადება საბოლოო შეთანხმების შემდეგ გაკეთდება.

„ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა თავისი ხვედრითი წილის, მხარდაჭერისა და პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე პოულობს ადგილს. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება, იქნება ყველასთვის დამაკმაყოფილებელი. ყველა პოლიტიკურ ლიდერს კარგად ესმის, რომ მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის მოშორება ხელისუფლებიდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.