სერგი კაპანაძე - ოპოზიცია განაგრძობს მწვავე პროტესტს, პარლამენტის ბოიკოტირებას, თუმცა მზად ვართ საარჩევნო სისტემაზე დიალოგისთვის
ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო სისტემაზე დიალოგის შემდეგ რაუნდში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგის შემდეგ რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია.
„ველოდებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მალე შემოგვთავაზებენ კონკრეტულ თარიღს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა ამ შეხვედრებზე არის ისეთ საარჩევნო სისტემებზე შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის პროპორციულ და სამართლიან წარმომადგენლობას პარლამენტში. შესაბამისად, ნებისმიერი წინადადება, რომელიც ამ მიზანს მოემსახურება, ჩვენთვის არის მისაღები. ჩვენ ორი კონკრეტული წინადადება უკვე გვქონდა, ერთი იყო მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები და მეორე – ცალკე აღებული გერმანული მოდელი. შესაბამისად, ასეთი ტიპის მოდელები შეიძლება, განვიხილოთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მოდელი – 100/50-ზე თუ სხვა, ამ მიზანს არ ემსახურება .
„ჩვენ მიერ ეს ვერ იქნება განხილული. თუ ხელისუფლება ამ დიალოგზე არ წამოვა და ამ საარჩევნო სისტემას არ შეცვლის. მინდა, პირდაპირ ვთქვა, რომ არსებობს ოპოზიციის მხრიდან გეგმა „ბ“. ეს არის შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში და საერთო კანდიდატის დაყენება. ამ ვითარებაში ხელისუფლება კიდევ უფრო მძიმედ წააგებს 2020 წლის არჩევნებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ხვალ დაანონსებულ აქციას, მისი თქმით, ხვალ პარლამენტის წინ სირცხვილის კორიდორი მოეწყობა.
„ოპოზიცია აპირებს, რომ აქციები და პიკეტირება, მწვავე პროტესტი განაგრძოს. ეს არის ქვეყანაში არსებული განწყობის გამოვლენა და შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ. გაგრძელდება ასევე ამ ეტაპზე, პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ხელისუფლებასთან შეხვედრებში, რომ იქნებ, შევთანხმდეთ საარჩევნო სისტემაზე“, – განაცხადა დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ.