სერგი კაპანაძე - მთავარი საკითხი არის ახალი არჩევნები, არჩევნების გარეშე არანაირ დანარჩენ საკითხზე შეთანხმება არ შედგება
სერგი კაპანაძე - მთავარი საკითხი არის ახალი არჩევნები, არჩევნების გარეშე არანაირ დანარჩენ საკითხზე შეთანხმება არ შედგება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიცია ჯერ კიდევ ელოდება  „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებას და მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს, სადაც აღნიშნული შეთავაზება იქნება განხილული.

„მას შემდეგ, რაც ეს რაუნდი შედგება, ჩვენ შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, შედგა თუ არა შეთანხმება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მთავარი საკითხი, რაზეც შეთანხმება უნდა შედგეს, არის ახალი არჩევნები, რომლის ფორმები, დეტალები და ასე შემდეგ, შეიძლება იყოს მოლაპარაკებული. დანარჩენი საკითხები ასევე მნიშვნელოვანია, ოღონდ არჩევნების გარეშე, ბუნებრივია, არანაირ დანარჩენ საკითხზე შეთანხმება უბრალოდ არ შედგება. აი, ეს არის მოცემულობა. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის ისევ მესამე რაუნდზე, რომელსაც ველით, რომ უკვე მალე, სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ იქნება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის არჩევნების ჩატარება და ისე ჩატარება, რომ გაყალბება, ის ინსტრუმენტები, რომლებიც იქნა გამოყენებული, ახლა აღარ იყოს ხელმისაწვდომი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება პლებისციტის საკითხს, კაპანაძე ამბობს, რომ პლებისციტი არის „უბრალოდ ინსტრუმეტი, როგორ შეიძლება მივიდნენ ახალ არჩევნებამდე“.

„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ინსტრუმენტებზე მოლაპარაკება პრობლემა არ არის, მთავარია, რომ მოლაპარაკების საგანი იყოს ახალი არჩევნები. ამიტომ ამ შემოთავაზებას ჩვენ განვიხილავთ, თუ, ბუნებრივია, ეს იქნება გაკეთებული. ამას ვნახავთ ამ დღეებში, როდესაც შედგება შემდეგი რაუნდი.

თუ 11-მდე არ მოხდება შეთანხმება, ჩვენ რა თქმა უნდა, პარლამენტში არ შევდივართ, ეს ბევრჯერ იქნა გაცხადებული და ამის შეცვლას არავინ აპირებს. ყველას კარგად ესმის, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტის ლეგიტიმაცია უბრალოდ შეუძლებელია. თუ ვინმე ინდივიდვალურად ამას გადაწყვეტს, და მე როგორც ვიცი, ამას არავინ არ აპირებს, იქნება ასევე მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული.

ჩვენ ვაპირებთ, პარალელურად გვქონდეს ღონისძიება – ის წევრები, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგადაც კი მოხვდნენ პარლამენტში, უარს იტყვიან თავის მანდატებზე, პარტიები დახურავენ სიებს და კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს, რომ არ აღიარებენ არალეგიტიმურ არჩევნებს. ამის შემდეგ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ინსტრუმენტებით, რომელიც ჩვენს ხელში იქნება, მათ შორის ქუჩის აქციებით, ოღონდ არა პარლამენტის მეშვეობით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.