სერგი კაპანაძე - მოლაპარაკებებში კონკრეტული პროგრესი არ არის და ის მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, რჩება უცვლელი
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებებში კონკრეტული პროგრესი არ არის და ის მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, რჩება უცვლელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლების შემოთავაზებიდან, არც ერთი არ პასუხობს პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნებს.
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკებებში კონკრეტული პროგრესი არ არის და ის მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, რჩება უცვლელი. ეს არის პოლიტიკური დევნის დასრულება და არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომლის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება 130/20, რომელიც მათ შესთავაზა ოპოზიციამ. ამასთან დაკავშირებით თუ შეცვალეს პოზიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ეს იმ მოლაპარაკებებში არ ჩანს. თუ ამ ორ მოთხოვნას ისინი დათანხმდებიან და ეს არ არის მარტო ოპოზიციის მოთხოვნა, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა, მაშინ შესაძლებელი იქნება გარკვეული წარმატების მიღწევა, ოღონდ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.