სერგი კაპანაძე - მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმებაზე ორშაბათიდან საუბარს აღარ ვაპირებთ
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა შეთავაზებაზე, რეგიონებში შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარედგინათ.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორშაბათამდე პოზიცია თუ არ შეიცვალა და შეთანხმება არ შედგა, თემა დაიხურება.
„პრაქტიკულად, დღეს ჩვენ ვასრულებთ დალოდების რეჟიმს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება ყველასთვის ცნობილია. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი არგუმენტის გარეშე ან დაუსაბუთებელი არგუმენტებით, უარი თქვა სრულიად საღი აზრის ფარგლებში გაკეთებულ შეთავაზებაზე, რომ გაზრდილიყო შანსი, ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატებით პირველ ტურში გვქონოდა მეტი წარმატება. ეს მათი საქმეა. ჩვენ ამაზე ორშაბათიდან საუბარს უკვე აღარ ვაპირებთ.
მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ჩავლილი ამბავი, თუ მანამდე არ მოხდა შეთანხმების მიღწევა. უკვე ვაპირებთ, რომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს კამპანიაზე. ვკონცენტრირდეთ იმაზე, მოსახლეობას რა პრობლემები გააჩნია და როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ასევე, რა უნდა გაკეთდეს შემდეგ უკვე კვალიფიციური მთავრობის პირობებში. ეს იქნება მთავარი გზავნილი“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.