სერგი კაპანაძე - კონგრესმენების წერილი, აშშ-ის ელჩისა და სენატორ რიშის განცხადებები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ არჩევნებზე ამერიკის ყურადღება ძალიან მაღალი იქნება
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, სრულიად ნათელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული და მოვლენებს თვალყურს ადევნებს.
„ამის კარგი მანიშნებელი და მაგალითი იყო სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სატელეფონო ზარი პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, როდესაც საუბარი შეეხებოდა მხოლოდ არჩევნებს, ეს იყო მთავარი თემა. იგივე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება, იგივე კონგრესმენების წერილი და სენატორ რიშის განცხადება, გვაძლევს სრულ საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ამ არჩევნებზე ამერიკის ყურადღება ძალიან მაღალი იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, დემოკრატიის სტანდარტების უხეში დარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობა თუ იქნება, ამას აშშ-ის მხრიდან მძაფრი და მწვავე რეაქციები მოჰყვება.
„მიუხედავად სხვა პრობლემებისა, რომელიც მსოფლიოშია, იგივე კოვიდთან დაკავშირებული, თუ ამერიკის შიდა პოლიტიკური პროცესები, ისინი აგრძელებენ თვალყურის დევნებას ჩვენს საკითხებზე. თუ იქნება დემოკრატიის სტანდარტების უხეში დარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობა, ბუნებრივია, ამას კიდევ უფრო მძაფრი და მწვავე რეაქციები მოჰყვება, როგორც პირადად ივანიშვილის, ისე ზოგადად „ქართული ოცნების“ მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, დააზიანებს მათაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანასაც“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში.
მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ კონგრესიდან წამოსულ წერილებს მოვუსმინოთ“.