სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მთავარია დადგინდეს ყველა ფიგურანტი, ვინც მონაწილეობა მიიღო ორი ახალგაზრდების მკვლელობაში
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავარი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გასცა ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
კაპანაძის თქმით, ეს ეხება კონკრეტული ადამიანის დაკავებას მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით.
„ეს ჩანს და ჩანდა პირველივე დღიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე. ამ საქმეში მთავარია დადგინდეს, ვინ იყო ყველა ის ფიგურანტები, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ორი ახალგაზრდების მკვლელობაში და შემდეგ დადგინდეს ვინ დააფარა ხელი და ვინ მოიყვანა აქამდე. ცრუ ჩვენებებზე ადრეც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო საქმე აღძრული და დაკავებული ყოფილიყვნენ როგორც არასრულწლოვნები, ასევე სრულწლოვნები და სამწუხაროა, რომ აქამდე მოიყვანა ეს ამბავი შსს-მ და ადრე არ გადადგა სამართლებრივი ნაბიჯები, რადგან მაშინ სულ სხვანაირად შეიძლება წასულიყო საქმე. ეტყობა ინტერესი არ იყო.
რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, კაპანაძე კომენტარს ვერ აკეთებს, რადგან ამბობს, რომ დეტალები არ იცის.
„ამ პიროვნების დაკავებას რაც შეეხება, კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ, რადგან დეტალები არ ვიცი. ჩვენ მასთან გვქონდა შეხვედრა და ახსნა-განმარტება მივიღეთ.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს შეიძლება იყოს მიმართულება, რომლითაც შსს შეიძლება გავიდეს რეალურად მკვლელზე ან თანამონაწილეზე. გუშინაც გავაკეთეთ მოწოდება, რომ იმ ადამიანებზე, რომლებზეც იკვეთება, რომ მათ აქვთ ცრუ ჩვენებები მიცემული, დაიწყოს სამართლებრივი დევნა”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით შსს-მ დღეს არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა.