სერგი კაპანაძე - იმედი მაქვს, აფხაზეთში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, სისხლისღვრისა და ზედმეტი გართულებების გარეშე
იმედი მაქვს, აფხაზეთში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, სისხლისღვრისა და ზედმეტი გართულებების გარეშე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, აფხაზეთში ვითარების გართულება იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია, რომელიც დღეს იქ არის.
„აფხაზეთში დღეს არის მძიმე კრიმინალური მდგომარეობა, ასევე სრული ტოტალური კონტროლი რუსეთის მხრიდან და ამ ყველაფერს, როგორც წესი, მოყვება ხოლმე მსგავსი ფაქტები. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, სისხლისღვრისა და ზედმეტი გართულებების გარეშე. ერთი რამ არის ძალიან სამწუხარო, რასაც ვხედავთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარე, რომელიც ახლა ჩანს სოხუმში, ანტიქართული სენტიმენტების გაღვივებითაა დაკავებული. ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის შედეგი იმ დახშული საინფორმაციო სივრცის, რომელიც იქ არის, ასევე წლების განმავლობაში გაღვივებული ანტიქართული გრძნობების, ზიზღის, რომელშიც პირდაპირ მიუძღვის როლი რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.