სერგი კაპანაძე - გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, ამას სჭირდება ახალი არჩევნები, პოლიტიკური დევნის დასრულება და ფუნდამენტური რეფორმები
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი იმ საკითხების შესახებ იქნება, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა წარადგინა.
მისივე განცხადებით, საფუძველი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ საკუთარი პოზიცია შეიცვალოს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ კრიზისი იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ იქნება შეთანხმება ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის დასრულებასა და ფუნდამენტურ რეფორმებზე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
„დღეს ველოდებით, რომ ბატონი დანიელსონი კონკრეტულ დოკუმენტს დადებს, რომელიც იქნება იმ თემების ირგვლივ, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დატოვა. არავითარი საფუძველი არ გვაქვს ამ წუთას ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია თავის პოზიციას შეიცვლის.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ამას სჭირდება ახალი არჩევნების დანიშვნა და კონკრეტული გზით მისვლა ახალ არჩევნებამდე, პოლიტიკური დევნის დასრულება და ფუნდამენტური რეფორმები. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ამის ირგვლივ იქნება ეს დოკუმენტი. ვნახავთ, რა დოკუმენტი დაიდება, შემდეგ გვექნება შიდა კონსულტაციები და ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ.
საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი, რათა ეს კრიზისი განიმუხტოს. ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ იქნება შეთანხმება ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის დასრულებასა და ფუნდამენტურ რეფორმებზე, მათ შორის, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაპანაძემ.