სერგი კაპანაძე - დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას და შედეგების შეცვლის ყველა გზა ფორმალურად დაიხურება, გაფორმდება პოლიტიკური კრიზისი
დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას და შედეგების შეცვლის ყველა გზა ფორმალურად იქნება დახურული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის მიღებით გაფორმდება პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი.
„დღეს ცესკო შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს, სრულიად სამარცხვინოდ. ამ არჩევნებში დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის კარუსელი, ბიულეტენების ჩაყრა, მოსყიდვა, ძალადობა. ეს არის არჩევნები, რომლის შემდეგ პრაქტიკულად არც ერთი სარჩელი და არც ერთი უბნის გადათვლა არ დაკმაყოფილდა, არც საოლქო კომისიების, არც ცესკო-ს და არც სასამართლოების მიერ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას და ამ არჩევნების შედეგების შეცვლის ყველა გზა ფორმალურად იქნება დახურული ცესკო-ს და ივანიშვილის მიერ. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი. საბოლოო ჯამში, აუცილებლად დასრულდება ავტორიტარიზმის ამ გზაზე შემდგარი ივანიშვილის ფუნდამენტური დამარცხება, უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა მისი ბოლომდე პოლიტიკურად გაშიშვლებაა საჭირო იმ გაგებით, რომ ეს ავტორიტარიზმი ბოლომდე იყოს ნიღაბახდილი. ამისთვის იქნება სწორედ ეს ერთპარტიული პარლამენტი. რაც შეეხება სხდომას, ჩვენ არაფერს ვგეგმავთ, ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე გააკეთებს შეფასებას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის გამართვას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ „ქართული ოცნება“ წარადგენს ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებულ კონკრეტულ წინადადებას.
„მესამე რაუნდს ოპოზიცია ისევ ელოდება. მესამე რაუნდს იმ შემთხვევაში ექნება აზრი და მოიტანს შედეგს, თუ მასზე ჩვენი წინადადებების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ახალ არჩევნებთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადება. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში მესამე რაუნდი შეიძლება შედგეს უბრალოდ შეხვედრისთვის, თუმცა მას შედეგი არ ექნება“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ერთმანეთს აგულიანებენ, როდესაც აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებმა შესაძლოა შედეგი გამოიღოს.
„ქართული ოცნებიდან“ კონკრეტული სპიკერები აგულიანებენ თავის მოსახლეობას და ერთმანეთს , თან აქეთ ოპოზიციას ეუბნებიან, რომ თავმოყვარეობაზე უარი თქვან და პარლამენტში შევიდნენ. ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულებით და ასეთი განცხადებებით კრიზისი არ განიმუხტება. კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ჩვენ აქ ვიცავთ გაყალბებული არჩევნების შედეგად შელახული ქართველი ერის ნებას და არა კონკრეტული ადამიანების საპარლამენტო სკამებს. ამიტომ მათ თუ ჰგონიათ, რომ ეს სკამები უფრო ძვირფასია, ვიდრე გაყალბებული არჩევნების შედეგად შელახული ნების დაცვა, ძალიან ცდებიან. ამიტომ „ქართული ოცნების“ ეს ე.წ. ოპტიმიზმი უფრო მეტად ჰგავს მათი მხრიდან რაღაც პროპაგანდას და ჰაერის გაყიდვას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.